Category Archives: სანადირო ფრინველები

ფრინველის ფიტულის დამზადება

fitulebi ფრინველთა ფიტულის გაკეთება
ფრინველის ტყავის გახდა

ტყავის გახდისათვის საჭიროა შემდეგი ხელსაწყოები: მჭრელი ნეშტარი (ლანცეტი), ქირურგიული მაკრატელი და პინცეტი (მათი შეძენა შეიძლება სააფთიაქო მაღაზიებში), ერთი პარკი კარტოფილის ფქვილი, უბრალო ბამბა ან ძენძი, თაბაშირი, დარიშხანის ნატრიუმი, საკვნეტელა, მრგვალტუჩა, სანტიმეტრი და ფუნჯი.
მოკლული ფრინველის ნესტოებში უნდა გაატაროთ ნემსით ძაფი და შეკრათ ნისკარტი. ძაფის ბოლოებში დატოვოთ 10-15 სანტიმეტრი თავისუფალი ძაფი ფრინველის სიდიდესთან შეფარდებით. სანამ ნისკარტს შეუკრავდეთ, ფრინველის პირსა და ნესტოებში უნდა ჩადოთ დახვეული ბამბის პატარა ნაჭრები. ეს იმიტომაა საჭირო, რომ მუშაობის დროს პირიდან და ნესტოებიდან გამონადენმა სისხლმა არ დასვაროს ფრინველის ბუმბული.
ასეთი მომზადების შემდეგ ფრინველის დადეთ ზურგზე ბოლოთი თქვენსკენ, მუცლის ბუმბული გადაყავით შუაზე და ნეშტარით ფრთხილად გაჭერით ტყავი ზევიდან ქვევით, მკერდის ძვლიდან უკანა ტანის გასავლამდე, ამასთან ეცადეთ, რომ არ გაგეჭრათ მუცლის თხელი აპკი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცვივა შიგნეული და გაძნელდება შემდგომი მუშაობა. ჭრილობა ისეთი სიგრძით უნდა გაკეთდეს, რომ იქედან გამოეტიოს მთელი ფრინველის სხეული. მაგალითად, მწყრის მუცელზე ჭრილობა სიგძით 3-5 სანტიმეტრი უნდა იყოს, ხოხბის მუცელზე 10-12 სანტიმეტრი და ა.შ.
ჩაეჭიდეთ გაჭრილი ტყავის მარცხენა ნაპირს პინცეტით ან ფრჩხილებით და გააცილეთ იგი ხორცს ჯერ ნეშტარით, ხოლო შემდეგ მისი ბრტყელი სახელურის ან თითებით და ტყავი გახადეთ მანამ, სანამ არ მიხვალთ წვივის სახსრამდე.
ახლა მარცხენა ხელით აიღეთ ფრინველის ფეხი, დააწევით მას, ეცადეთ გაატაროთ წვივი გაჭრილ არეში, შეაჭერით მყესის სახსარი და ფეხიც ადცვილად გავა ჭრილში. ფრთხილად ჩაჭერით წვივთან და ეცადეთ არ გაჭრათ ტყავი. დააშორეთ წვივი ბარკალს და თითებით თანდათან დააცილეთ ერთმანეთს კუნთები და ტყავი. ამგვარად მიხვალთ მუხლამდე, სადაც ფრინველების უმრავლესობას უმთავრდება ბუმბულის ნაწილი. შემდეგ გადაკვეთეთ ყველა მყესი და წვივის ძვლიდან მოაცილეთ კუნთები, ფეხის ძვალი კი უკან ჩადეთ იმ ტყავში, რომელიც ამ ფეხზე იყო შემოკრული. ამ ადგილას დააყარეთ კარტოფილის ფქვილი, რომ ბუმბული არ დაისვაროს. ახლა გადადით ჭრილის მარჯვენა მხარეზე და ამავე წესით გაანთავისუფლეთ იგი ხორცისაგან, ასევე გაანთავისუფლეთ მარჯვენა წვივიც.
როცა გაანთავისუფლებთ ორივე ფეხს წვივებითურთ ფრინველის სხეულიდან და გაწმენდთ მათ, დააყენეთ ფრინველი ვერტიკალურად მაგიდაზე ბოლოთი ზევით, ასწიეთ ბოლო ზურგისაკენ, გადასწიეთ გვერდზე კუდის ქვეშ მყოფი ბუმბული უკანა გასავლის გარშემო, გაჭერით სწორი ნაწლავი უკანა გასავალთან და ფრთხილად გადაჭერით ხელხემალი კუდის ძირში. ხელრხემლის გადაჭრის დროს შესაძლებელია იქედან სითხე წამოვიდეს. ამ შემთხვივისთვის სასწრაფოდ დაუცეთ სწორ ნაწლავს ბამბა და დააყარეთ მას თაბაშირი.
ჩაჭრით რა ხერხემლის ბოლო მალებს, დაიწყეთ ტყავის გახდა ზურგიდან, მოაცილეთ იგი ხორცს თითებით და, სადაც აუცილებელია ნეშტარით. აწარმოეთ ტყავის გაცლა ხან ზურგიდან და, ხან მკერდიდან. მიხვალთ ფრთებამდე, რომლებიც გადაჭერით ზურგიდან მხრის შეერთებასთან და განაგრძეთ ტყავის გახდა კისრიდან.
როდესაც თავთან მიხვალთ, ფრთხილად გადმოაბრუნეთ ტყავი ისე, რომ არსად არ გაჭრათ ან არ გახიოთ.
თქვენ აქ ნახავთ, რომ ტყავი მიკრულია თავის ქალაზე ყურის თხელი აპკით. ფრთხილად მოკიდეთ მას პინცეტი, დაახვიეთ მასზე აპკი და ისე გამოიღეთ იგი ყურის ღრუდან. აპკი არ გაჭრათ, ვინაიდან იგი შემდეგ გაფართოვდება და დიდ ხვრელს გააკეთებს, რაც ფიტულს სილამაზეს დაუკარგავს.
დაასრულებთ რა ამ ოპერაციას ორივე ყურზე, მიადგებით თვალებს. აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ არ გაიჭრას თვალის ქუთუთო. ამისათვის აუცილებელია, რაც შეიძლება თვალისკენ ღრმად ჩაჭრათ ქუთუთოს აპკი. შემდეგ ტყავის გაძრობას განაგრძობთ ნისკარტის ძირამდე და აქ ამთავრებთ მას.
შემდეგ თავიდან უნდა მოაცილოთ გატყავებული სხეული, რისთვისაც მაკრატლით მოაჭრით კისერს პირველივე კისრის მალასთან თავის ქალის დასაწყისშივე.
გაასუფთავეთ თავის ქალა ხორცისაგან, თვალებისაგან, ენისაგან და შეუდექით ტვინის ამოღებას. ამისათვის საჭიროა გააფართოვოთ თავის ქალის კეფის ნაპრალი მის ქვედა ნაწილში და ამ ნაპრალიდან ამოიღოთ მთელი ტვინი რაიმე ბრტყელი საგნით ან თქვენს მიერ გაკეთებული პატარა მავთულისაგან ერთი ბოლოდან გაფართოების საშუალებით.
როცა ამ ოპერაციას დაამთავრებთ, გადადით ხორცისაგან ფრთების გაწმენდაზე. აიღეთ მარცხენა ხელში ფრთის მხრის ძვლის ბურთისებური ბოლო და ზოგან ნეშტრით და, ზოგან ხელით გახადეთ მას ტყავი როგორც ხელთათმანი. როდესაც მიხვალთ ნიდაყვის სახსართან, ფრთხილად მოაცილეთ საქნევი ბუმბულების საფუძვლები, რომლებიც მიმაგრებულია წინამხრის ძვლებზე, და განაგრძეთ ტყავის გახდა ამ ძვლების ბოლომდე, ამასთანავე ეცადეთ არ გაჭრათ ან არ გახიოთ იგი.
ახლა კი მოჭერით და მოფხიკეთ მთელი ხორცი წინამხრისა და ბეჭის ძვლებიდან.
დარჩა ბოლოს გასუფთავება. ამისათვის ბოლოს ფრთხილად მოაჭერით ხორცის ნარჩენები ბუმბულის შიგნითა მხრიდან, ეცადეთ არ გაჭრათ ბუმბულის ფესვები, წინააღმდეგ შემთხვევიაში მთელი ბოლო დაიშლება და ბუმბულები დასცვივდება.
ტყავის გახდა დამთავრებულია. თქვენ ხელთ გაქვთ წინდისებურად გადმობრუნებული ტყავი, რომელსაც ბუმბული შიგნით აქვს. წაუსვით მას 10-პროცენტიანი დარიშხანის ნატრიუმის ხსნარი ფუნჯით. ეს პრეპარატი ძლიერ საწამლავია და მასთან მოპყრობა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. შუშა, რომელშიც მოთავსებულია დარიშხანის ხსნარი, უნდა ინახებოდეს ჩაკეტილში, რომ ამ ხსნარით არ ისარგებლონ ბავშვებმა ან შეცდომით უფროსებმა. ეს დოზა სასიკვდილოა.
წაუსვით მტელ ტყავს დარიშხნის ხსნარი, დაამრგვალეთ ამ ფრინველის თვალისოდენა ბამბა და ჩაუდევით იგი თვალების ღრუში. მთელ თავის ქალაზე შემოახვიეთ ბამბის თხელი ფენა, აიღეთ ხელში იმ ძაფის ბოლოები, რომლითაც შეკრულია ნისკარტი, და დაიწყეთ ტყავის თანდათან გადმობრუნება. ფეხებისა და ფრთების ძვლები ისევ თავის ადგილზე მოათავსეთ ტყავში, ასევე ფრთხილად შეიტანეთ თავის ქალა ტყავის ქვეშ, გაასწორეთ იგი, ჩაუდგით თავის ადგილზე ქუთუთოები და ა.შ.
თავიდან ტყავის გახდის დროს ზოგიერთ ფრინველს (კოდალა, იხვი, ბატი, ფარშავანგი და სხვ.) კისრის ტყავში თავის ქალა არ გაეტევა. ამ შემთხვევაში გაიჭრება ფრინველის ყელი თავთან, რაც შეიძლება ახლოს. თავის ქალა არ გასუფავდება არამედ გაკეთდება რა ყოველივე ის, რაც ზემოთ იყო ნათქვამი და გადაბრუნდება რა ყოველივე ის, რაც ზემოთ იყო ნათქვამი და გადაბრუნდება ტყავი უკანვე (ბუმბულით გარეთ), გაკეთდება ჭრილი თავის ქალის ტყავზე გარედან, რაშიაც გაჰყოფენ თავის ქალას მის შემდგომ გასაწმენდად ხორცისა და ტვინისაგან.

ორნიტოლოგიური კოლექციის დამზადება
ამ შემთხვევაში საჭიროა აიღოთ სათანადო სიმსხოს მავთული ან ორივე წვეროდან წამახვილებული თქვენს ფრინველზე ცოტა მეტი სიგრძის ჯოხი; დაახვიეთ მასზე როგორც თითისტარზე, ბამბა ან ძენძი ფრინველზე ცოტა მეტი ზომის, დაიცავით ზუსტად ფრინველის სიგრძე და ყელის სისქე ოდნავ გააფართოვეთ და ოდნავ გადმოაბრუნეთ უკანვე ფრინველის ტყავი, ჩაუდეთ კეფის ჭრილში მავთულის ან ჯოხის ის ბოლო, სადაც თქვენ დაახვიეთ კისრის გამომსახველი ბამბა და დაიწყეთ ტყავის ჩამოცმა ფრინველის ამ იმპროვიზებულ სხეულზე.
როდესაც მიაღწევთ ბეჭებამდე, გამოაცალეთ ფრთებს ბეჭის ძვლები, წინამხრების ძვლები კი (ისინი წყვილია) გაახვიეთ ბამბის თხელ ფენაში, შესწიეთ ისევ უკან ფრთების ტყავში და განაგრძეთ ტყავის ჩამოცმა ბამბის სხეულზე. გააკეთეთ იგივე ფეხების მიმართაც. შემოახვიეთ ფეხების ძვლებს (წვივს) ბამბა ან ძენძი, ისე რომ მათ ექნეს ცოცხალი ფრინველის ფეხების ფორმა და ამგვარად ჩადეთ ისინი უკანა ფეხების ტყავში. ახლა დარჩა ბოლოს ჩადება თავის ადგილზე ისე, რომ იგი დამაგრდეს მავთულის ბოლოზე. თუ არ ყოფნის სხეულში ბამბა, უნდა დაემატოს, შეერთდეს მუცლის ჭრილის გვერდები და შეიკეროს იგი არახშირი ნაკერით. სწორად დასდეთ ფრთები და ფეხები, შეაბით ფეხზე ეტიკეტი და მთელი ფრინველი ჩადეთ ძირს ქაღალდის პარკში. შეინახეთ იგი მანამდე სანამ გაშრება.
ფეხზე მიბმულ წარწერაში აღნიშნეთ: ფრინველის დასახელება, სქესი, ადგილი, სადაც მოიკლა იგი, მოპოვების დრო, ფრნველის ადგილობრივი დასახელება თუ იგი განსხვავდება საერთო დასახელებისაგან, თუ ფრინველი მოპოვებულია მთაში, მაშინ მიუთითეთ მთის სიმაღლე ზღვის დონიდან, მოკლედ აღნიშნეთ, რა აღმოაჩნდა კუჭში და აგრეთვე მიუთითეთ თვალის ფერი.
ფრინველის სქესის გამოცნობა შეიძლება შემდეგი წესით. თუ ფრინველს არა აქვს სქესის გამომხატველი გარეგანი ნიშნები, გაჭერიტ მარცხნივ ნეკნები სხეულზე, გადასწიეთ გვერდზე ნაწლავები. ხერხემლის გვერდებზე შიგნიდან თირკმლების წინ მამლებს შეიძლება შეამჩნიოთ თითო თეთრ-მოყვითალო ფერის ჯირკვალი, რომელსაც კვერცხის ფორმა აქვს. ასეთი ჯირკვალი ორია. ესენი სათესლე ჯირკვლებია. დედალს ამავე ადგილას აქვს მარცვლის მსგავსი ჯგუფურად ჩაწყობილი გროვა – ეს საკვერცხეებია. ერთი ჯგუფის ფრინველებს ეს გროვა მოთავსებული აქვთ ხერხემლის ორივე მხარეზე, სხვებს კი მხოლოდ ერთ – მარცხენა მხარეზე.
მავნებელთაგან გაფუჭების თავიდან ასაცილებლად ტყავი უნდა შევინახოთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში და ზედ დავაყაროთ ნაფტალინი.
ამით შეიძლება ამოვწუროთ ფრინველთა ტყავების ორნოტოლოგიური კოლექციის გაკეთებისა და დაგროვების საკითხი.

Untitled 7

თავიდან ფრინველის ტყავს ხდიან ისე, როგორც ეს მოთხრობილი იყო ზემოთ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მხრის ძვლები არ გამოიღება და ტყავზე რჩება.
როდესაც ფრინველის თავის ქალა გაიწმინდება თვალების ენისა და სასისაგან, მოსცილდება მას ხორცის ყოველგვარი ნაწილაკი კეფის გაფართოებული ნაპრალიდან ამოიღება ტვინი, პატარა ფინჯანში გახსენით ცოტაოდენი თაბაშირი და პინცეტით ან თქვენ მიერ დამზადებული პატარა ნიჩბით ამოავსეთ თავის ქალა თაბაშირით იმ ადგილზე სადაც იყო ტვინი, თვალები, ქალის ყველა ნაწილი, ენა და სასა ისე, რომ თავის ქალამ მიიღოს იგივე ფორმა, როგორიც ჰქონდა ტყავის გაცლისას.
სანამ თაბაშირი ჯერ არ გამაგრებულა, ჩადეთ ქალაში ისეთივე სიმსხოს მავთული, როგორსაც აპირებთ დააყენოთ საყრდენზე. როდესაც თაბაშირი გამაგრდება, ეს მავთული უკან ამოიღეთ და დარჩენილ ღრუში შეიყვანეთ ფიტულის ღერძის მავთული.
ამოაძრობთ რა ამ მავთულის ნაჭერს მას შემდეგ, რაც თაბაშირი გამაგრდება, მთელ ტყავს წაუსვით დარიშხანის ხსნარი და იგი უკანვე გადმოაბრუნეთ.
დავტოვოთ დარიშხანის ხსნარწასმული, ბუმბულგადმობრუნებული ტყავი და დავუბრუნდეთ გატყავებულ ფრინველს.
დადეთ მაგიდაზე გატყავებული ფრინველის სხეული გვედზე, სანტიმეტრით მოახდინეთ შემდეგი გაზომვები და ჩაიწერეთ: კისრის სიგრძე (თავის ქალიდან ზურგამდე), ზურგის სიგრძე (მხრის სახსრიდან მენჯ-ბარკლის სახსრამდე), ბარკლის სიგრძე (აღნიშნეთ ბარკლის ძვლის მთელი სიგრძე, რომელიც დარჩა გატყავებულ სხეულზე). მკერდის გარშემოწერილობა. ეს უკანასკნელი უნდა აიღოთ ტყავის გახდის დაწყებამდე, რომ ამ ზომაში მოხვდეს ბუმბულით შემოსილი ფრინველი.
ახლა დავუბრუნდეთ ფრინველის ტყავს.დაამზადეთ სხვადასხვა სისქის 5 ნაჭერი რკინის გამომწვარი მავთული. მავთულის პირველი ნაჭერი უნდა იყოს ფრინველის მთელ სიგრძეზე ცოტა უფრო გრძელი და მსხვილი, ვინაიდან იგი არის ძირითადი (ღერძის) და ამ მავთულზე უნდა დადგეს ფრინველის მთელი ფიტული.
ქლიბით გაამახვილეთ მავთულის ორივე ბოლო, აღნიშნეთ მავთულზე თქვენს მიერ გაზომილი კისრის სიგრძე, მიუმატეთ მას კიდევ 5-8 სანტიმეტრი, მრგვალტუჩა მოჰკიდეთ მავთულს სწორედ იმ ადგილას და ისე დაატრიალეთ მავთული, რომ კისერთან გაკეთდეს მცირე რგოლი. შემდეგ ამ რგოლიდან მავთულზე კვლავ გადაზომეთ ზურგის სიგრძე და ამ წერტილშიაც მრგვალტუჩათი გააკეთეთ მეორე რგოლი.
შემდეგ აიღეთ პატარა ნაჭერი, ბამბა (და არა მატყლი) და კვლავ გადაზომეთ პირველი რგოლიდან კისრის სიგრძე და ამ უბანზე დაახვიეთ ბამბა, რომ გამოვიდეს ერთნაირი ლილვაკი, რომელსაც ექნება კისრის სიმსხო და სიგრძე. თქვენ მიერ ზედმეტად გადაზომილი 5-8 სანტინეტრი მავთული თავისუფალი დარჩება, რომელსაც მსხვილი ბოლო ექნება. გახსენით ფრინველის ტყავი, გასწიეთ კისრის ტყავი და როდესაც დაინახავთ ნახვრეტს კეფაზე, სადაც თავში თაბაშირის ჩასხმისას ჩატანებული გქონდათ მავთული, ჩაარჭვეთ შიგ საღერძე მავთული მსხვილი ბოლოთი და მსხვილი დატრიალებით შეიყვანეთ იგი კეფაში, სანამ ბამბის კისერი ზედ მიედება ფრინველის თავის ქალას. გარეთ გამოსული მავთულის ნაწილი თქვენთვის აუცილებელი იქნება შემდგომი მუშაობის პროცესში, ხოლო როდესაც ფიტული გაშრება, იგი უნდა მოჭრათ კვნეტელათი. კისრის ტყავი მთლიანად ჩამოაცვით კისერს და განაგრძეთ მუშაობა.
აიღეთ მავთულის ორი თანაბარი ნაწილი, იმაზე გაცილებით უფრო წვრილი რმელიც გამოიყენეთ ღერძად და გადაზომეთ ზედ მთელი გაშლილი ფრთის სიგრძე (მხრის და წინამხრის ძვლების მიხედვით), მიუმაეტეთ მას 5-10 სანტიმეტრი მავთული, იმის მიხედვით, თუ რა ზომის არის ფრინველი. ეს ორი ნაჭერი მავთული განსაზღვრულია ფრთების დასაკავებლად. თვითეული მხოლოდ ერთ მხარეზე გაამახვილეთ.
გადმოაბრუნეთ მარცხენა ფრთა მთლიანად და მის ბოლოში კავსა და ძვლებს შორის ჩადეთ მავთულის მახვილი წვერი, ფრთხილად ატრიალეთ და შეიყვანეთ იგი რაც შეიძლება ღრმად ფრთის ფალანგაში. დაამაგრეთ ამგვარად მავთული ფრთის ბოლოში და გაასწორეთ იგი მხრისა და წინამხრის ძვლების გასწვრივ. მეორე მხარეს დარჩება 4-6 სანტიმეტრი თავისუფალი მავთული.
ახლა საჭიროა ძვლების გასწვრივ ჩადებული მავთულის შეერთება ძვლებთან ბამბით ისე, რომ დაემსგავსოს ფრთას, როგორც იგი იყო სიცოცხლეში. ამ ოპერაციის შემდეგ წამოაცვით მას ფრთის ტყავი ბოლომდე და ოდნავ მოხარეთ ფრთა (იმ ადგილზე სადაც ფრთის უკანასკნელი ფალანგაა)
გაიმეორეთ იგივე მეორე ფრთაზედაც. აიღეთ მარჯვენა ხელით ღერძის მავთული და შედევით პირველ რგოლში (კისრის ბოლოს) ჯერ მარცხენა ფრთის მავთულის თავისუფალი ბოლო, შემდეგ კი ამავე რგოლში მარჯვენა ფრთის ასეთივე ბოლო. მოსწიეთ ორივე ფრთა რგოლისაკენ. მრგვალტუჩათი ერთად აიღეთ ეს რგოლი, რომელშიაც ჯვარედინად ჩასმულია ფრთის მავთულები და მაგრად მოუჭირეთ ამ შეერთებას მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელით კი მაგრად დაახვიეთ რგოლს ჯერ მარჯვენა ფრთის ზედმეტი მავთული, ხოლო შემდეგ მარცხენა ფრთის ზედმეტი მავთული. როდესაც დაამთავრებთ ფრთების დამაგრებას ღერძის მავთულზე, გადადით ფეხებზე. ამისათვის გადაზომეთ ორი ერთნაირი ზომის მავთული, დაახლოებით იმავე სიმსხოსი, როგორც ღერძის მავთულია და გამახვილეთ იგი ერთი მხრიდან. თითოეული ფეხისათვის მავთულით გადაზომვა ასე ხდება: მიადებთ საზომს ფეხს, რომელიც არის ტყავზე და გაზომავთ რა მასზე ამ ძვლების სიგრძეს, მიუმატებთ მას თქვენს მიერ უკვე ჩაწერილი ბარკლის ძვლის ზომას და დაუმატებთ იმდენ სიგრძეს რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ ეს მავთული დაახვიოთ მეორე რგოლზე; ტერფში გამომავალი მავთულის თავისუფალი ნაწილი საჭირო იქნება ფრინველის დასამაგრებლად საყრდენზე ან ტოტზე. მაგალითად ფეხის ტერფისა და წვივის სიგრძეა 16 სმ, ბარკლის სიგრძე 9 სმ. რგოლზე დასამაგრებლად კი საჭიროა მავთულის 10 სმ -იანი ნაჭერი და ფეხის ტერფიდან გამომავალი 8 სმ-იანი მავთულის ნაჭერი. მაშასადამე, მავთული, სულ სიგრძით 43 სმ უნდა იყოს.
მოჭრით რა ორ ასეთ მავთულს და გაამახვილებთ მათ ერთი მხრიდან, ჯერ უკან გამოიღეთ ტყავიდან ფეხის ძვალი, ჩაარჭეთ მავთულის მსხვილი წვერი ტერფისა და წვივის სახსარში და ნელა დაიწყეთ ამ მავთულის შეყვანა ტერფის კანის ქვეშ.
მარცხენა ხელის თითებით გამუდმებით სინჯეთ ფეხის ის ნაწილი რომელიც ფრინველთა უმრავლესობას შემოსილი არ აქვს ბუმბულით, რომ მავთული სწორად გავიდეს ტყავში და თავი არ გამოყოს გარეთ. ასეთი სიფრთხილით უნდა მივიყვანოთ ტერფამდე მავთული და გარეთ გამოვიყვანოთ, მისი ისეთი სიგრძის ბოლო ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია ფიტულის საყრდენზე დასამაგრებლად. როდესაც ამას მორჩებით, კვლავ გადასწიეთ ფეხის ტყავი და მაგრად შეაწყვილეთ მავთული და წვივის ძლები, გადააბით ისინი ძაფით, შემოახვიეთ მათ ბამბა ან ძენძი, მიეცით მას ცოცხალი ფრინველის წვივის სახე და ჩამოაცვით წვივზე უკანვე ფეხის ტყავი. მეორე ფეხზედაც ჩაატარეთ ასეთივე ოპერაცია.
როდესაც ყველა ამას დაამთავრებთ აიღეთ საზომი და გადაზომეთ წვივიდან გამოშვერილი მავთულის სიგრძე. იმ ზომაზე, რომელიც ჩაწერილი გაქვთ ბარკლის ძვლის ზომების აღების დროს და ბრტყელტუჩათი მავთულის გადაღუნვით სწორი კუთხე გააკეთეთ ამ ადგილას, იგივე გააკეთეთ მეორე ფეხზედაც. მარცხენა ხელით აიღეთ ღერძის მავთული და გაუყარეთ რგოლში ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა ფეხის მავთულის ბოლო ჯვარედინად. მისწიე ორივე მავთული რგოლისაკენ ბოლოს თქვენს მიერ გაკეთებულ მონაღუნამდე, თქვენ მიერ ჩადებული ფეხების მავთულებთან ერთად აიღეთ მრგვალტუჩათი რგოლი და ღერძის მავთულზე დაახვიეთ ჯერ ერთი ფეხის მავთული შემდეგ მეორესი. ეცადეთ რომ შემოხვეული მავთულის მთელი არე, რაც შეიძლება მოკლე იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრინველის სხეული არანორმალურად გრძელი გამოგივათ, ვინაიდან ახლა თქვენ დაგრჩათ უკანასკნელი ოპერაცია, რომ ღერძის მავთულის დარჩენილი ბოლო ნაწილი ჩაარჭოთ ფრინველის ბოლოში და იგი რაც შეიძლება მჭიდროდ შეუერთოთ ფეხების მავთულების ნასკვს.
მორჩებით რა ბოლოს გაკეთებას აიღეთ მარჯვენა ხელით ღერძის მავთული იქ, სადაც გათვალისწინებულია ზურგი, მარცხენა ხელით მოღუნეთ მარცხენა ფეხის მავული იმ ფორმაში, როგორც იგი უნდა იყოს ცოცხალ ფრინველზე. (ფეხის მავთული უნდა მოიღუნოს, წვივისა და ბარკლის სახსრისა და მენჯ-ბარკლის სახსრეში) იგივე გაიმეორეთ მარჯვენა ფეხისათვის. ახლა კი ისევე მარჯვენა ხელით აიღეთ ღერძის მავთული, მარცხენა ხელით კი ჩაკეცეთ ფრინველის ორივე ხელი, ისე როგორც ისინი უნდა ყოფილიყვნენ სიცოცხლის დროს. გაასწორეთ ფრთები და გადაუსვით ხელი ტყავს გარედან, რომ ყველა ბუმბული თავ თავის ადგილზე იყოს.
თქვენს მიერ დამზადებულმა მავთულის კარკასმა შეცვალა ფრინველის ჩონჩხი. მავთულის თითოეული მოხრილობა ისეთივეა, როგორც კიდურების ფორმა. ამიტომ ფრინველიც ანატომიურად ზუსტად ისეთივე უნდა გამოვიდეს, როგორიც იყო ის სიცოცხლეში, რაც ფიტულის მავთულების ამ მეთოდის ძირითადი დანიშნულებაა.

ფიტულის დატენა
ახლა შევუდგეთ ფიტულის დატენას.
ფრინველი დადეთ მაგიდაზე ზურგით. აიღეთ ბამბის თხელი ფენა და დააფარეთ იგი ზურგის, ანუ ღერძის მავთულის ქვეშ მხრების რგოლიდან ბოლომდე. შემდეგ ბამბის ორი სათანადო ნაჭერი დაუდეთ ქვეშ იმ მავთულებს, რომლებიც ცვლიან ბარკლების ძვლებს. ორი სათანადო ბამბის ნაჭერი ჩადეთ იქ, სადაც მხრების რგოლია. აიღეთ ბამბის დიდი ნაჭერი და ჩადეთ იგი ტყავის მკერდის ნაწილის ქვეშ და ასე თანდათან ბამბის ნაჭრები მოათავსეთ ფრინველის ტყავის ქვეშ და მიყვანეთ იგი იმ სიდედემდე და ცოტა მეტამდეც, ვიდრე აღნიშნულია იმ ციფრებით, რომლებიც ქონდათ ჩაწერილი ფრინველის პირველი გაზომვის დროს. ბამბა უნდა ჩაიდვას თანასწორად და მჭიდროდ.
დაამთავრებთ რა დატენას, ძაფით გაკერეთ მუცლის ჭრილი და ზედმიწევნით შენიღბეთ ნაკერავი ბუმბულით.
აიღეთ ფრინველი ხელში ფეხებით და შეამოწმეთ სწორად არის თუ არა იგი დატენილი, ხო არ არის ასიმეტრია, გამობურცვები ან ჩაღრმავებები განსაკუთრებით მუცლის არეში. გასწიეთ ფეხები ისე, როგორც ეს ფრინველს ჰქონდა სიცოცხლეში, გააკეთეთ დაფაზე ორი ნაბურღი და ჩაატარეთ შიგ ტერფიდან გამოსული მავთულის ბოლოები, გადაუკეცეთ მათ თავები საყრედის ქვედა ნაწილიდან.
დაამაგრებთ რა ფრინველს დაფაზე დაიწყეთ მისთვის ფორმის მიცემა თქვენი სურვილისამებრ. ჩაუსვით მას თვალები და მჭიდროდ გაახვიეთ ფიტული ქაღალდში ან ნაჭერში, რომ ბუმბულის საფარი სწორად გაშრეს და აბურძგნილი არ გამოვიდეს.
როდესაც ფრინველის ფიტული ამგვარად გაშრება, გადაიტანეთ იგი სათანადო მუდმივ საყრდენზე, რომელიც უნდა მოირთოს ხავსით., ხავსულათი, ხმელი ტოტებით. ამგავარდ ფიტული უკვე მზადაა.
რასაკვირველია, პირველად ფიტული უნაკლო არ გამოვა. ეს სამუშაო ზემოთმოყვანილი თეორიულ ცოდნის გარდა მოითხოვს დიდ პრაქტიკას, მხატვრულ უნარს, ფრინველთა ჩვევების ცოდნას, მოთმინებასა და ამ საქმისადმი სიყვარულს.
ან ნაწილის დასასრულს რამდენიმე რჩევა ფრინველთა ტყავის გახდის შესახებ უნდა მივცეთ ამ საქმით დაინტერესებულთ.
მცირე ფრინველებს ქორების ჩათვლით, ტყავი ფრთებზე (მხარსა და წინამხარზე) უნდა გაეხადოს წინდისებურად. დიდ ფრინველებს (არწივი, სავათი, წერო) ჯერ გახდიან ფრთის ტყავს ნიდაყვის სახსრამდე, წინამხრის ტყავის გახდა კი უნდა მოხდეს გარედან, ტყავის გაჭრის საშუალებით ფრთის შიგნით ნაწილზე წინამხრის ნიდაყვსა და სხივის ძვალს შუა. წინამხრის ასეთი გაწმენდა ხორცისაგან ხელს უწყოს ფრთის იმ საქნევი ბუმბულის განწყობის შენარჩუნებას, რომელიც უშუალოდ მიმაგრებულია წინამხრის ძვალთან.
ფიტულს დააყენებთ რა დროებით საყრდენზე, გაუსწორეთ ბოლო და მოაქციეთ იგი ორ ვიწრო მუყაოს ნაჭრებს შუა, შეაწებეთ ისინი ქაღალდით, რომ ბოლოს ამ მდგომარეობაში გაშრეს.
თუ გსურთ ფრინველს ქონდეს გაშლილი ფრთები, ისინი ფიტულის გატენვისთანავე უნდა ასწიოთ სასურველ სიმაღლემდე, გაშალოთ ან ოდნავ მოკუმშოთ. ფრთები უნა მოხაროთ სახსრებში. ამის შემდეგ ორივე ფრთის ორივე მხარეს უნდა დაადვათ ორ-ორი მუყაოს ნაჭერი, რომელთა შორის მჭიდროდ ჩაიდება გასწორებული ფრთები და დამაგრდება ქინძისთავებით. ამ მდგომარეობაში ფრთებიც ფიტულთან ერთად გაშრება. ფრინველის ფეხების თითები დამაგრდება თავის ადგილზე ქინძისთავებით, ხოლო თუ ფრინველი დასმულია ტოტზე, მიებმება ძაფით.
მეტხორცები, მაგალითად ბიბილო, მოეჭრება და ბოლოს შეიცვლება შეღებილი, სანთლისგან გამოძერწილი მსგავსი ფიგურით.
უმეტეს შემთხვევაში ფეხები, სანთლის ნაძერწი ნისკარტზე და წარბები გახმობის შემდეგ კარგავენ ფერს. ამიტომ ფიტული გაშრობის შედეგ უნდა შეღებოთ სათანადო ფერით, ზეთოვანი საღებავით.

სავათი

სავათი – Otis tarda – Дрофа

სავათი გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, აზიის მრავალ ადგილას, ჩრდილო აფრიკაში. საქართველოში სავათი მოიპოვება რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, როგორც მოზამთრე ფრინველი. ი. ჩხიკვიშვილი (1951) ცნობით იგი ზამთრობს დასავლეთ საქართველოშიც. სავათი ბინადრობს ველებზე, მინდვრებში, ზეგნებში, ყამირ მიწებზე. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაისში დებს 1 – 6 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 28 დღემდე. ძირითად საკვებს მცენარეთა ნაყოფი და თესლები შეადგენს. ჭამს აგრეთვე მცენარეთა ნორჩ ყლორტებს, ამონაყარს, მწერებს, ლოკოკინებს, მცირე ზომის თაგვისებურ მღრღნელებს (განსაკუთრებით მათ წრუწუნებს), ხვლიკებს, გველის წიწილებს, ბაყაყებს, ზოგჯერ მცირე ზომის მგალობელი ფრინველების (მეტწილად ტოროლების) ბარტყებსა და კვერცხებს. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხულიდან შემოდგომამდე სავათი ძირითადათ ცხოველებით იკვებება, ხოლო დანარჩენ დროს – მცენარეებით. სავათი ძვირფასი სარეწაო – სანადირო ობიექტია. ცნობილია სავათის ორი ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ევროპული სავათი – Otis tarda tarda

სავათზე ნადირობა აკრძალულია! მოვუფრთხილდეთ ამ ულამაზეს ფრინველს!

ფორუმზე განხილვა

ხოხობი

Untitled 18

 ხოხობი – Phasianus colchicus – фазан

ჩვეულებრივი ხოხობი გვხდება ბულგარეთში, კავკასიაში, ვოლგის დელტაში, შუა აზიაში, ირანში, ავღანეთში, ცენტრალურ აზიაში, მონღოლეთში, ჩინეთში, კორეაში, ამურის მხარეში, იაპონიაში, ინდო-ჩინეთში.

საქართველოში ხოხობი მოიპოვება მრავალ ადგილას, თუმცა ბევრგან იგი ამოწყვეტილია უწესრიგო ნადირობის შედეგად. ვერტიკალურად ვრცელდება 750 მ-მდე.

ჩვეულებრივი ხოხობი ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ჭალებში, ზოგჯერ მდინარეთა სანაპიროს ლერწმით და ჩალით დაფარულ ადგილებში, ბეღებში, ვენახებში, სიმინდის ყანებში, ჩაის პლანტაციებში, ადამიანის სამოსახლოს მიდამოში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 10-15 კვერცს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 25 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენს მცენარეთა თესლები, მაყვლისა და ჟოლოს ნაყოფები, კენკრა, მარწყვი. ჭამს დიდი რაოდენობით მწერებს, ლოკოკინებს, ობობებს.

ჩვეულებრივი ხოხობი ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია. იგი დაცულია ყველგან. სპორტული ნადირობის ობიექტია.

ცნობილია ჩვეულებრივი ხოხბის 30-ზე მეტი ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება ორი:
კოლხური ხოხობი – phasianus colchicus colchicus
ბინადრობს დასავლეთ საქართველოში.

ქართული ხოხობი – phasianus colchicus lorenzi
მოიპოვება აღმოსავლეთ საქართველოში
ფორუმზე განხილვა

გარეული იხვი


გარეული იხვი – Anas platyrhynchos – Кряква

გარეული იხვი გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩ. – დ. აფრიკაში, ეგვიპტეში, ჩრდ. ამერიკაში, გრენლანდიაში.

საქართველოს ფარგლებში გარეული იხვი გვხდება მრავალ ადგილას, როგორც მობუდარი ფორმა. ვერტიკალურად ვრცელდება 2200 მ – მდე.

ბინადრობს შინაგანი წყალსატევების სანაპიროებზე ზოგჯერ, განსაკუთრებით კი ზამთრობისას, ზღვათა სანაპიროებზეც. ბუდიბის დროს უპირატესობას აძლევს ტყეთა სანაპიროებს, მაღალბალახოვან ადგილებს. ბუდეს იკეთებს მიწაზე, წყლის მახლობლად, ბუჩქის ძირას, ტყის ნაყარში და მსგავს ადგილებში. მაისში დებს 6 – 14 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 30 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენს როგორც მეურნეობა, ისე ცხოველები. ეს ფრინველი ჭამს მცენარეთა ნორჩ ყლორტებს, თესლებს, კვირტებს, კენკრას. საკმაო რაოდენობით ანადგურებს როგორც წყლის, ისე ხმელეთის მწერებსა და მათ მატლებს, ლოკოკინებს, გვერდულებს, წყლის ობობებს, ჭიებს.

გარეულ იხვს დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. რიგ ადგილებში წარმოებს მისი დამზადება სარეწაო მიზნით. საქართველოში ამ ფრინველზე ნადირობას აქვს სპორტული ხასიათი.

ფორუმზე განხილვა

მწყერი


მწყერი – Coturnix coturnix – Перепел

მწყერი გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხდება თითქმის ყველგან  მობუდარი ფრინველის სახით. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში (გარდაბნის) ზოგჯერ ატარებს ზამთარსაც.  ვერტიკალურად ვრცელდება 2200 მ-მდე.

ბინადრობს ველებზე, მინდვრებში, ახოებზე, მთათა კალთებზე, მდინარეთა ნაპირებზე, კულტურულ ლანდშაფტევში (ბაღი, ბოსტანი და სხვ.). არ ერიდება ადამიანის სამოსახლოს სიახლოვეს. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 9-15 კვერცს, კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 17 დღემდე. კრუხად ჯდება და მართვეთა აღრზდაზე ზრუნავს მხოლოდ დედალი.   მწყრის ძირითად საკვებს შეადგენს მცენარეთა თესლები, ფოთლები, ნორჩი ყლორტები და კვირტები. ჭამს აგრეთვე მწერებს, ობობებს, მცირე ზომის ლოკოკინებს. ზოგჯერ დიდი რაოდენობით ანადგურებს კალიებს, ფარვანებსა და სხვა სახის მავნე მწერებს. სარეველა მცენარეთა თესლით კვებით მწყერს სარგებლობა მოაქვს.

იაპონელებმა მწყერი ათასწლეულის წინ მოიშინაურეს, საიდანაც სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ქათმისნაირ ფრინველთა შორის ყველაზე პატარაა მწყერი, რომლის წონა 90-120 გრამს შორის მერყეობს. მას საკმაოდ გემრიელი ხორციც აქვს. მისი ხორცი საუკეთესო საშუალებაა ქოლეცისტიტის და კუჭის წყლულის სამკურნალოდ.მწყერი სხვა ფრინველებთან შედარებით ნაკლებად ავადდება, ამიტომ მის კვერცხს მედიცინაშიც კი იყენებენ სხვადასხვა ვაქცინის დასამზადებლად. მწყრის კვერცხი შეიცავს ბევრ ამინომჟავას, მაკრო და მიკროელემენტს. მისი კვერცხი ორგანიზმიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს.

ცნობილია მწყრის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოს ფარგლებში მოიპოვება ჩვეულებრივი მწყერი – Coturnix coturnix

მწყერი სანადირო-სარეწაო და სპორტული ნადირობის ობიექტია.

ცოტა რამ მწყერზე ნადირობაზე:
მწყერზე მასობრივად ნადირობენ. გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში იგი მასობრივად ბუდობს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ნადირობა ზაფხულის დასასრულს იწყება. შემოდგომის პირველ თვეში მწყერი ემზადება გადასაფრენად და იგი დიდი რაოდენობით თავს იყრის გადაფრენის დიდ გზებზე, შავი ზღვის პირას და პატარა განშტოებულ გზებზე, რომლებიც მოემართებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან მდინარე არაგვის, მტკვრისა და ალაზნის გასწვრივ. მიჰყვება რა ამ მდინარეების დინებას, ის აღმოსავლეთით მიდის სპარსეთის გავლით სამხრეთისაკენ, ხოლო შავი ზღვის ნაპირებზე მდებარე გადაფრენის გზებით ოსმალეთისაკენ და შემდეგ უფრო სამხრეთით.

ასეთი მიგრაციის შედეგია ის, რომ მწყერზე ნადირობა აღმოსავლეთ საქართველოში ადრე იწყება და შემოდგომის პირველ ნახევარში თითქმის მთავრდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში, უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროზე, მხოლოდ შემოდგომაზე იწყება. თუ აღმოსავლეთ საქართველოში ამ ფრინველზე ნადირობა თითქმის ყოველდღე შეიძლება დასავლეთ საქართველოში მხოლოდ იმ დღეებში ნადირობენ როდესაც გადაფრენისას მწყერების დიდი კოლონიები ცუდი ამინდების გამო ზღვის სანაპიროზე რჩებიან და უცდიან გამოდარებას.

დაწესებულია მწყერზე ნადირობის ნორმა ერთი ნადირობის დროს. მასზე ნადირობენ თოფით და მონადირე ძაღლით. დასავლეთ საქართველოს ზოგ ადგილებში (უმეტესწილად გურიასა და აჭარაში) შემორჩენილია ნადირობა დამჭერი ფრინველებით.

ფორუმზე განხილვა

ღალღა


ღალღა – Crex crex – Карастель  

ღალღა, მიეკუთვნება წეროსნაირთა რიგს. ტანად პატარა ფრინველია (სხეულის სიგრძე 27 სმ, მასა 150 გ). გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. ზამთარს ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში ატარებს. აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის პირველ ნახევარში ღალღები სამხრეთისაკენ მიისწრაფვიან ნაწილობრივ გადაფრენით, მეტწილად კი ფეხით. ბინადრობს ნოტიო ველებსა და მინდვრებზე, რომლებიც მაღალი ბალახითაა დაფარული, ზოგჯერ ბუჩქნარებში, ყანებში.

საქართველოში ღალღა გვხდება თითქმის ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება 2100 მ – მდე.

ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაისში დევს 6 – 12 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 17 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები, ჭიები, ლოქორიები, კულტურულ და სარეველა მცენარეთა თესლები.

ღალღა წარმოადგენს  სპორტული ნადირობის ობიექტს. ფრენს უხალისოდ მაგრამ შეუძლია სწრაფად სირბილი. მისი ფრენის სიჩქარე მწყერის ფრენის სიჩქარესთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, ამიტომ მასზე ნადირობისას, როცა ფრინველი აფრინდება უნდა დავაცადოთ სასროლ პოზიციამდე მისვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ავაცილებთ ან გავაფუჭებთ ფრინველს. აქვს ძალიან გემრიელი ხორცი. ამ ფრინველის მოსაპოვებლად საჭიროა 10 – 12 ნომერი საფანტი.

ფორუმზე განხილვა

კაკაბი


კაკაბი – Alectoris graeca – каменная куропатка

კაკაბი მოიპოვება სამხრეთ ევროპაში, კავკასიაში, მცირე, წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში, ჰიმალაიში.

საქართველოში კაკაბი გვხდება მთავარი კავკასიონის კედის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარისა და თრიალეთის ქედებზე. მობინადრეა. ვერტიკალურად ვრცელდება 3500 მ-მდე.

კაკაბი ბინადრობს მთათა კალთებზე, ხრამებსა და ხეობებში, მთა-გორაკიან ადგილებში, ზეგნებზე, ბუჩქნარით დაფარულ ადგილებში, ველებზე, ზოგჯერ ნათესებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ხშირად ბუჩქის ძირას. აპრილში დებს 10-15 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 25 დღემდე.

კაკბის ძირითად საკვებს შეადგენს თესლები, კენკრა, ნორჩი ყლორტები და კვირტები. დიდი რაოდენობით იყენებს საკვებათ მწერებსა და მათ მატლებს, ლოკოკინებს, ობობებს.

კაკაბი ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია. იგი სპორტული ნადირობის ობიექტია. სარგებლობა მოაქვს მავნე მწერების განადგურებით.

ცნობილია კაკბის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება კავკასიური კაკაბი – Alectoris graeca caucasica

შავმუცელა გვრიტჩიტა

შავმუცელა გვრიტჩიტა გავრცელებულია პირენეის ნახევარკუნძულზე, აზიის მრავალ ადგილას, ჩ – დ. აფრიკაში.

შავმუცელა გვრიტჩიტა ცნობილია აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთი ადგილისათვის იშვიათი შემომფრენი ფრინველის ახით.

შავმუცელა გვრიტჩიტა ბინადრობს ველებზე, ბუჩქნარებში. აპრილში დებს 2-3 კვერცხს უშუალოდ მიწაზე. კრუხობა გრძელდება ერთ თვემდე. ძირითად საკვებს შეადგენს მცენარეთა მარცვლები, ნაყოფები, კენკრა და მწერები.

ცნობილია შავმუცელა გვრიტჩიტას ორი ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური შავმუცელა გვრიტჩიტა – Pterocles orientalis arenarius
ფორუმზე განხილვა

თეთრმუცელა გვრიტჩიტა

თეთრმუცელა გვრიტჩიტა მოიპოვება ს. – დ. ევროპაში, აზიის დიდ ნაწილსა და ჩრდილო აფრიკაში.

საქართველოში თეთრმუცელა გვრიტჩიტა არაა აღნიშნული მაგრამ შესაძლებელია მისი აქ შემოფრენა სომხეთის სსრ – დან, სადაც იგი მცირე რაოდენობით გვხდება.

თეთრმუცელა გვრიტჩიტა ბინადრობს ველებსა და ნახევრად უდაბნო ადგილებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 2 – 4 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 28 დღემდე, აღზრდაში მონაწილეობს ორივე მშობელი.

თეთრმუცელა გვრიტჩიტა იკვებება მცენარეთა მარცვლებით, კენკრით.

თეთრმუცელა გვრიტჩიტასი ცნობილია ორი ქვესახე, რომელთაგან საქართველოში შესაძლებელია აღმოჩენილ იქნას აღმოსავლური თეთრმუცელა გვრიტჩიტა – Pterocles alchata caudatus
ფორუმზე განხილვა

ფრინველთა და ცხოველთა “შვილების” სახელები

cxovelebi
ქვემოთ ჩამოთვლილია ცხოველები და ფრინველები, გვერდით კი წერია ამა თუ იმ ცხოველ-ფრინველის ნაშიერის სახელი. ეს სახელები არ არის დიალექტურ ენაზე (შეიძლება კუთხეების მიხედვით სხვა სახელებიც ერქვას). სია მოცემულია ანბანის მიხედვით, ცხოველების შემდეგ იწყება ფრინველების დასახელებები.
cxovelta_nashierebi
აქლემი – კოზაკი

დათვი – ბელი

ვეფხვი – ბოკვერი

ვირი – ჩოჩორი (წამოზრდილ ვირს მუტრუკი ჰქვია)

თხა – თიკანი

ირემი – ბიჟიკი

კამეჩი – ზაქი

კატა – კნუტი

ლომი – ბოკვერი

მგელი – ლეკვი

მელა – ლეკვი

სპილო – სპლიყვი

ტურა – ლეკვი

ღორი – გოჭი

შველი – ნუკრი

ციყვი – დღნაშვი

ცხენი – კვიცი

ცხვარი – ბატკანი

ძაღლი – ლეკვი

ძროხა – ხბო

ჯიხვი – ფოთრი
frinvelta
არწივი – მართვე

ბეღურა – ბარტყი

ბუ – ღლაპი

იხვი – ჭუკი

მერცხალი – ბარტყი

მტრედი – ხუნდი

მწყერი – ჩოჩორი

ფარშევანგი – ნამლევი

ქათამი – წიწილა

ყვავი – ბახალა

ხოხობი – ლაპრი
sxva
გველი – წიწილი

თაგვი – წრუწუნა