დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის ტყეში, ნაღმზე მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული რვავე ადამიანი დუშეთის რაიონული საავადმყოფოდან გაწერეს.
„ექვს მათგანს მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა. შედარებით მძიმე იყო ორი პაციენტის მდგომარეობა. ერთ-ერთ მათგანს ცხვირის ძვალი ჰქონდა გატეხილი, ხოლო მეორეს ქუსლის ძვალი ჰქონდა დაზიანებული. პირველადი დახმარება ყველას გავუწიეთ. სტაციონარული მკურნალობა არცერთ მათგანს არ სჭირდებოდა,“ – განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერმა მედიკო პატაშურმა.
შეგახსენებთ, მანქანა, რომელშიც დუშეთის სატყეო სამმართველოს 8 თანამშრომელი იმყოფებოდა, გრემისხევის ტყეში, ახალგორის საზღვართან ახლოს აფეთქდა. აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები დუშეთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, დუშეთის სატყეო სამმართველოს მანქანა სავარაუდოდ, რუსული წარმოების ნაღმზე აფეთქდა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას მცხეთა-მთიანეთის რაიონული პოლიცია აწარმოებს.




































