აღწერა. სხეული ბრტყელი, მაღალი, პირი პატარა, ნახევრად ქვედა, ირიბი. მუცლის ფარფლების უკან ქერცლით დაუფარავი ქედია. ზურგის ფარფლი ირიბადაა წაკვეთილი. გამრავლების პერიოდში წყვილი ფარფლები უწითლდება. მამლებს ქეცლებზე და ლაყუჩის სახურავებზე უჩნდებათ ეპითელური ბორცვაკები. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10. ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 17-22. გვერდის ხაზში 40-45 ქერცლია. ხახის კბილები 2,5-5,2; 3,5-5,2, ლაყუჩის კბილაკები 15-19. სიგრძე 21 სმ-მდეა, წონა 224 გ-მდე, ჩვეულებრივ უფრო პატარაა.
გავრცელება. ბინადრობს ძირითადად მდ. მტკვრის შუა და ქვემო დინებაში. საქართველოს წყლებში შემოვიდა მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ. მტკვარში ამოდის თბილისამდე. გვხვდება: ხრამში, ალაზანში, იორში, ჯანდარის ტბაში და სხვ. სხვაგან ბინადრობს აზერბაიჯანის წყლებში: აჯიკაბულის ტბაში, მინგეჩაურის წყალსაცავში, არეზის ქვემო დინებაში, მტკვარში, სარისუში, კუმბაშინკაში, კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში ჩამავალ მდინარეებში.
ბიოლოგია. ძირითადად მდინარისა და ტბის ბინადარია, ეგუება მომლაშო წყალსაც. ირჩევს მდორე ადგილებს. იკვებება პლანქტონითა და ბენთოსით. სქესობრივად მწიფდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – მამალი 2 წლიდან, დედალი 3 წლიდან. ჯუჯა ფორმა შილიანის ტბაში (აზერბაიჯანი) მწიფდება ერთი წლის ასაკში (სიგრძე 3,9-5,4 სმ). ნაყოფიერება აღწევს 24,7-84 ათას ქვირითს, მისი დიამეტრი 1-1,44 მმ-მდეა. ტოფობს აპრილიდან ივლისამდე.
სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო არა აქვს. დაბალი ხარისხის თევზია.
ფორუმზე განხილვა

































